weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ივანიშვილის ნათესავმა ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვებით 16 395 501 ლარი მიიღო – TI

11:52 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020
ფოტო: მურმანი ტოგონიძე / Facebook ფოტო: მურმანი ტოგონიძე / Facebook

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (Transparency International) ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16 395 501 ლარი მიიღო.

მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის, მაგული ივანაშვილის მულის ქმარია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ის ტენდერებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობს, შპს „მშენინვესტი“ კი, რომლის 100% წილს მურმან ტოგონიძე ფლობდა, სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 2016 წელს მონაწილეობდა.

„ინდივიდუალურმა მეწარმემ მურმან ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 14 998 590 ლარი შეადგინა. შპს „მშენინვესტი“ 2016 წელს 31-ჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, 21 შემთხვევაში გაიმარჯვა და ჯამურად 1 008 798 ლარი მიიღო“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში.

როგორც ირკვევა, მურმან ტოგონიძისა და მისი კომპანიისგან მომსახურებების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საჩხერის მუნიციპალიტეტია (70 ტენდერი და 3 გამარტივებული შესყიდვა). შემსყიდველები ასევე არიან ჭიათურის, ლაგოდეხისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები.

კვლევის თანახმად, 2014-2016 წლებში, მურმან ტოგონიძესა და შპს „მშენინვესტთან“ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვის 9 ხელშეკრულება გააფორმეს, ჯამური ღირებულებით 388 112 ლარი.

„მურმან ტოგონიძესა (ინდ. მეწარმე) და შპს „მშენინვესტს“ მოგებული 90 ტენდერიდან 42 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია. 20 შემთხვევაში ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტმა ვაჭრობისას დაბალი ღირებულება დააფიქსირა, თუმცა სატენდერო კომისიამ მათ დისკვალიფიკაცია მისცა და ხელშეკრულება მურმან ტოგონიძესთან გააფორმა. 9 შემთხვევაში მურმან ტოგონიძემ ტენდერი მოიგო დაბალი ფასის მითითებით, თუმცა ხელშეკრულების ღირებულება მოგვიანებით გაიზარდა.

მურმან ტოგონიძე 2017-2018 წლებში შპს „საჩხერგზას“ დირექტორიც იყო, რომელმაც ამ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის 2 ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით 120 521 ლარია. ეს კომპანია მმართველის შეცვლის შემდეგაც მონაწილეობს ტენდერებში“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კველვაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ინდივიდუალური მეწარმე მურმან ტოგონიძისა და შპს „მშენინვესტის“ მიერ მოგებული ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ იყო ისინი ტოგონიძისა და მისი კომპანიისათვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და შეიცავდა თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]